English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ პაატა კოღუაშვილი ბადრი რამიშვილი
საქართველოში ხორცის მოხმარების ოპტიმალური მოცულობისა და სტრუქტურის შეფასება

ანოტაცია: ნაშრომი ეძღვნება სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე რთულად გადასაწყვეტი პრობლემის, ხორცის მოხმარების ოპტიმიზაციას. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ანალიზისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით წარმოდგენილია საქართველოში ხორცის მოხმარების ოპტიმალური წლიური მოცულობა და სტრუქტურა.

საკვანძო სიტყვები: ხორცის მოხმარების მოცულობა, ხორცის მოხმარების სტრუქტურა, კვების ფიზიოლოგიური ნორმა. 

შესავალი

ხორცი და მისი პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სურსათეულად ითვლება მსოფლიოში. ერთი მხრივ ის ცილების მნიშვნელოვანი წყაროა ადამიანის ორგანიზმისთვის და ამასთან მისი წარმოება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უკანასკნელ ათწლეულებში ხორცის მოხმარების სწრაფი ზრდა აღინიშნება, რაც პლანეტის ქვეყნების უმრავლესობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებითაა გამოწვეული. მაგალითად, 1961 წელს მსოფლიოს ერთი მცხოვრები საშუალოდ დაახლოებით 20 კგ ხორცს მოიხმარდა, ხოლო 2018 წლისთვის კი, თითქმის 35-ს. ამავე პერიოდში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა.[1]საზოგადო სიმდიდრისა და ხორცის მოხმარების ასეთი კავშირი, თავის მხრივ იმითაა განპირობებული, რომ ცხოველური წარმოშობის საკვები და მათგან კი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცის პროდუქტები, მაღალი ფასეულობისაა და მისი შეძენა ძირითადად მატერიალურად უზრუნველყოფილ მოსახლეობას შეუძლია. თუმცა, თუ ხორცის მოხმარების პლანეტარულ ანალიზს განვახორციელებთ, ვნახავთ, რომ ამ მხრივ გარკვეული გამონაკლისებიც არსებობს, რისი მიზეზადაც ადგილობრივი კვების კულტურა, რელიგიურ-ეთნიკური განწყობა, ხორცის წარმოების განსაკუთრებული პირობები და სხვა ფაქტორები გვევლინება. მაგალითად, დედამიწაზე ძალიან გავრცელებულია ე.წ. ლაქტო-ვეგეტარიანული, ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანული დიეტები, რაც გამორიცხავს ხორცის მოხმარებას. უკანასკნელ დროს იზრდება ვეგეტარიანთა და ვეგანთა რაოდენობაც.

სურსათის წარმოებასა და მოხმარებაზე უდიდეს გავლენას მოახდენს ის სრულიად ახალი პრობლემა, რაც მსოფლიო ეკონომიკას კორონა ვირუსით წარმოექმნა 2020 წელს. როგორც მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ შეიძლება დაიწყოს სასურსათო პანდემია[Ghebreyesus T. 2020]. აღნიშნული მოვლენის სიმწვავეს ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ  დამკვიდრდა ტერმინი „კორონომიკა“.[Papava V. 2020, 2] მოცემულ მომენტში აშკარად ჩანს, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია დიდ შეფერხებას განიცდის, თუმცა ქართველი ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა თვლის, რომ იზოლაციონიზმი და დეგლობალიზაცია უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის და აუცილებელია მიწოდებისა და ფასეულობათა ჯაჭვების დივერსიფიცირება.[Papava V., Charaia V. 2020, 3] ცხადია, შექმნილი ვითარება მრავალი მიმართულებით  მოახდენს გავლენას კაცობრიობაზე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოეს პერიოდში ადამიანის ჯანმრთელობა და ფიზიოლოგიური მდგრადობა იქნება, ეს კი, დიდწილადაა დამოკიდებული ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებაზე. მიუხედავად იმისა, თუ რომელ - ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტის ხარჯზე შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილების - სტრატეგიას აირჩევს საქართველო ხორცის მხრივ, ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება განისაზღვროს ხორცის ოპტიმალური მოხმარების მოცულობები და სტრუქტურა, რასაც ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი. 

ხორცის მოხმარების ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ყოფილ საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული კვების ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით საშუალოდ ადამიანს წელიწადში დაახლოებით 65-73 კგ ხორცი და მისი გადამუშავების პროდუქტები ესაჭიროებოდა. ეს ნორმები საკმაოდ დასაბუთებულ სამედიცინო კვლევებს ემყარებოდა. ნორმის გარკვეული მერყეობა კი რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული, რომელთაგან ძირითადად ყურადღება ექცეოდა რეგიონის კლიმატურ პირობებსა და მოსახლეობის შრომით პროფილს. საქართველოსთვის, რომელიც იმპერიის სამხრეთით მდებარეობდა და სუბტროპიკული არეალის ძირითადი ნაწილი ეკავა, აღნიშნული ნორმის დაბალი ნიშნული ითვლებოდა მისაღებად, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო ხილი და ბოსტნეული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, შრომითი პროფილისა და პირობების გათვალისწინებითაც არ საჭიროებდა კვების განსაკუთრებულ რეჟიმს, რაც საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთში მდებარე ინდუსტრიული ცენტრების მოსახლეობისთვის კვების რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და განსაკუთრებით კი, ცხიმების პრივალირებას გულისხმობდა. გამომდინარე აქედან, საქართველოს საშუალო მცხოვრებისთვის ხორცის და მისი პროდუქტების მოხმარება წლიურად დაახლოებით 65 კგ-ით იყო განსაზღვრული.ვფიქრობთ, რომ საორიენტაციოდ ასეთი მონაცემების აღება ჩვენი შემდგომი კვლევისთვისაც იქნება მიზანშეწონილი.

ერთი პრობლემაა კვების ფიზიოლოგიური ნორმის მიღწევა, ხოლო მეორე კი, ამის ოპტიმალური გზით განხორციელება, რაც მოთხოვნის ადგილობრივი წარმოების ხარჯზე დაკმაყოფილებას გულისხმობს. ეს კი სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის მეტად საჭირბოროტო საკითხის, სოფლად და განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში მოსახლეობის დამაგრების შესაძლებლობას იძლევა. ხორცის წარმოება ხომ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი შრომატევადი დარგია და მისი განვითარება სხვა საკითხებთან ერთად ქართული სოფლის ტევადობის ზრდასაც შეუწყობს ხელს და ამ ნიშნულს ოპტიმალურ 300-330 ათას დასაქმებულამდე აიყვანს[Koghuashvili,P., Ramishvili B. 2016, 5].

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მსოფლიოში ხორცის მოხმარების ზრდა ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მონგოლეთი. აქ ხორცის მოხმარების დინამიკის მხრივ ერთობ საინტერესო ვითარებაა. მაგალითად, 1961 წელს, ამ ქვეყანაში მოსახლეობის 1 სულზე საშუალო წლიური მოხმარება იყო 145 კგ.[Ritchie H.  Roser M., 2019, 6]. 1961-2017 წ.წ. პერიოდში მონღოლეთის ეკონომიკაში იყო როგორც ზრდის, ასევე კრიზისული პერიოდებიც, თუმცა ხორცის მოხმარების დინამიკა ხშირად ტრადიციულ ეკონომიკურ კანონზომიერებას არ ემორჩილებოდა. მაგალითად, 1993 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკა ყველაზე რთულ ვითარებაში იყო ბოლო წლებში, თუმცა ხორცის მოხმარება დაახლოებით 92 კგ-სშეადგენდა კგ.[Ritchie H.  Roser M., 2019, 6]. მონღოლეთმა სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყო 2000-იანი წლებიდან, თუმცა პირველ ეტაპზე, ამან ხორცის მოხმარების ზრდა კი არა, შემცირება გამოიწვია და 2006 წლისთვის აქ მოსახლეობის ერთ სულზე საშუალოდ 66.5 კგ. ხორცს მოიხმარდნენ, რის შემდეგაც ამ ინდიკატორმა კვლავ დაიწყო ზრდა და 2017 წლისთვის უკვე 88 კგ.იყოკგ.[Ritchie H.  Roser M., 2019, 6] . საწყის ეტაპზე, ამ ერთგვარად პარადოქსული სიტუაციის გამომწვევი იყო ის, რომ მონღოლეთის  არა მხოლოდ კვების კულტურის, არამედ ეკონომიკისა და ცხოვრების წესის საფუძველი, მეხორცული მიმართულების მესაქონლეობა იყო, რაც განაპირობებდა ხორცის დიდ მოხმარებას. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირება დაიწყო,სულ უფრო მრავალფეროვანი გახდა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურაცა და კვების რაციონიც.

ცხრილი 1-ში წარმოდგენილია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყანათა უმეტესობისა და საქართველოს მშპ-ისა და ხორცის მოხმარების მაჩვენებლები. სადღეისოდ, მონაცემთა ანალიზის ანალოგიური პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული, რისი მიზეზიც ეკონომიკური ზრდისა და ხორცის მოხმარების კორელაციაა და რის შესახებაც ზემოთ გვქონდა მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ზოგადი ტრენდის არსებობა უდავოა, ცხრილიდან შესაძლებელია რამდენიმე ნიშანდობლივი ფაქტის გამოაშკარავება. უპირველესად გვინდა მივუთითოთ ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული კვების ტრადიციების შესახებ, რასაც ძირითადად რელიგიური ფაქტორები განსაზღვრავს. კერძოდ, ცხრილი 1-დან ჩანს, რომ რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მისდევს სხვადასხვა სახის ვეგეტარიანელობას. ამის ნათელი მაგალითია ინდოეთი, სადაც ხორცის საშუალო მოხმარება 2018 წელს 3.6 კგ. იყო.

ცხრილი 1

ზოგიერთი ქვეყნის ხორცის მოხმარებისა და მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის (2018 წ.)

ქვეყნები ფრინველის ხორციკგ. ღორის ხორციკგ. საქონლის ხორციკგ. ცხვრის ხორციკგ. სულ ხორციკგ. მშპმოსახლე- ობის 1 სულზე($ პმუ)
აშშ-ი 49.7 23.0 26.1 0.5 99.3 62,795
არგენტინა 38.2 10.8 39.9 1.0 89.9 20,611
ავსტრალია 44.1 21.9 18.9 7.3 92.2 51,663
შვეიცარია 14.3 22.5 13.3 1.2 51.3 68,061
ახალი ზელანდია 39.4 18.9 11.9 4.7 74.9 41,005
ნორვეგია 17.2 20.2 13.7 4.5 55.6 65,511
ისრაელი 64.9 - 20.5 1.6 87.0 39,919
ბრაზილია 39.8 12.3 24.5 0.6 77.2 16,096
ჩილი 36.5 19.0 18.7 0.4 74.6 25,223
რუსეთი 31.4 19.6 10.4 1.4 62.8 27,147
ყაზახეთი 15.0 4.9 19.3 8.2 47.4 27,880
უკრაინა 21.1 12.5 5.0 0.3 38.9 9,233
კანადა 33.8 16.0 18.0 1.0 68.8 48,130
პარაგვაი 5.3 21.6 13.7 0.5 41.1 13,600
გაერთ. სამეფო 27.8 17.4 11.7 4.1 61.0 45,974
მექსიკა 28.8 13.5 8.9 0.5 51.7 19,845
თურქეთი 19.3 - 8.5 4.3 32.1 28,069
ირანი 23.0 - 5.4 4.2 32.6 21,011
იაპონია 16.9 16.2 7.4 0.2 40.7 42,798
ჩინეთი 11.6 30.4 3.8 3.1 48.9 18,237
ინდონეზია 7.6 1.0 2.0 0.4 11.0 13,080
მალაიზია 48.7 5.4 - 1.1 55.2 31,782
ვიეტნამი 13.4 29.7 9.3 0.2 52.6 7,448
ნიგერია 0.9 1.1 1.3 1.8 5.1 5,991
ინდოეთი 2.4 0.2 0.5 0.5 3.6 7,763
ევროპის კავშირი 23.6 35.5 10.8 1.4 71.3 43,738
საქართველო 18.0 11.0 8.0 1.0 38.0 12,005
მსოფლიო 14.2 12.3 6.4 1.8 34.7 17,948

ცხრილი შედგენილია: [7], [8]-სა და [9]-ში მოტანილი მონაცემების საფუძველზე 

ასეთი ვითარების მიზეზი ინდოეთის რელიგიურ თავისებურებებში უნდა ვეძებოთ, რაც განსაზღვრავს აქ დამკვიდრებულ კვების კულტურას.  სწორედ რელიგიაა მიზეზი,  რომ ამ ქვეყანაში  ძალიან  მცირე რაოდენობით მიირთმევენ  ხორცს, ხოლო ზოგიერთი სახეობისას საერთოდ არ მიირთმევენ.ჩვენს მსჯელობას ფაქტიც ადასტურებს, რომ ინდოეთში ხორცის მოხმარება 1961-2018 წ.წ. პერიოდში ფაქტობრივად ერთ დონეზე ნარჩუნდება.

საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ხორცის მოხმარების დაბალი მაჩვენებლები ნიგერიასა და ინდონეზიაში, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის 90%-ზე მეტი მუსულმანი ან ქრისტიანია. ამავე დროს ეს ინდიკატორი ნიგერიაში თითქმის იგივეა 1961 წლიდან მოყოლებული, ანუ მასზე არ მოქმედებს ეკონომიკური განვითარება. მართალია, ინდონეზიაში 1961 წელთან შედარებით,2018 წელს ხორცის მოხმარება დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, მაგრამ ის მაინც დაბალი რჩება და 11 კგ-ს შეადგენს. ნიგერიაში მშპ-ი მოსახლეობის ერთ სულზე ყველაზე დაბალია ცხრილში წარმოდგენილ მონაცემებს შორის და გარკვეულად ესეც შეიძლება იყოს ხორცის დაბალი მოხმარების ახსნა. თუმცა, ამის თქმა არ შეიძლება ინდონეზიაზე, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი $13,000-ზე მეტია, რაც საქართველოზე უკეთესი მონაცემია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ხორცის მოხმარება 2018 წელს 3.5-ჯერ აღემატებოდა ინდონეზიის შესაბამის მაჩვენებელს.

ხორცის წარმოების განსაკუთრებული პირობები დიდ გავლენას ახდენს იმ ქვეყნების მოსახლეობის რაციონზე, რომლებიც მსგავს რესურსებს ფლობენ. ასეთად უპირველესად გვევლინება ვრცელი საძოვრები ან სხვა სახის მყარი საკვები ბაზა, ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, კარგი კლიმატური პირობები, წყლის რესურსებით უზრუნველყოფა, დიდი ტერიტორია. როდესაც სახეზე გვაქვს ამ ფაქტორების არსებობა, უპირველესად ვითარდება იაფი მსხვილფეხა მესაქონლეობა, თუმცა, ცხადია სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის თუ ფრინველის ხორცის წარმოების შესაძლებლობებიც მატულობს. დედამიწაზე შეიძლება გამოვყოთ შვიდი ქვეყანა, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი საბაზისო საწარმოო პირობები არსებობს. ესენია, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე და ახალი ზელანდია. თუ ცხრილი 1-ის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სწორედ ამ ქვეყნებშია მოსახლეობის ერთ სულზე ხორცის მოხმარება ყველაზე მაღალი. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ევროკავშირი და ისრაელი წარმოადგენს, რომელთაც ქვემოთ შევეხებით.

ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი ქვეყნის მოსახლეობა თავს აძლევს იმ ფუფუნების უფლებას,რომ დიდი რაოდენობით ხორცი მოიხმაროს და რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ხორცის მოხმარების სტრუქტურაში  მნიშვნელოვანი წილი მსხვილფეხა საქონლის ხორცს უკავია, რაც განსაკუთრებით ძვირად ითვლება. სიძვირე კი, მოხმარებული საკვების მოცულობითაა გამოწვეული. თავად ეს შვიდი სახელმწიფო ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. პირველ ჯგუფში შევლენ აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა, სადაც ხორცის წარმოების კარგი საბაზისო პირობების პარალელურად ეკონომიკური განვითარების მაღალი დონეცაა. მეორე ჯგუფში მოხვდებიან არგენტინა, ბრაზილია და ჩილე. ეს ქვეყნები მშპ-ის მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ, მესაქონელობის კარგი პირობების გამო, იაფი ხორცის წარმოება მათ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მაღალ დონეზე მოიხმარონ ეს პროდუქტი.

ევროკავშირსა და ისრაელში ხორცის მოხმარების მაღალ დონეს უკიდურესად განვითარებული სოფლის მეურნეობა და კარგი ეკონომიკური პირობები უზრუნველყოფს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელი, სადაც რელიგიური მოსაზრებების გამო საერთოდ არ მოიხმარენ ღორის ხორცს და ის ფრინველის ხორცითაა ჩანაცვლებული.

საინტერესოა ნორვეგიისა და იაპონიის მაგალითებიც. ეს ქვეყნები ეკონომიკური განვითარების მხრივ მსოფლიოს ლიდერთა შორის არიან, მაგრამ ხორცის მოხმარება აქ საკმაოდ დაბალ დონეზეა. ჩვენი აზრით, ამის მიზეზია მათი მოსახლეობის რაციონში თევზისა და ზღვის პროდუქტების მაღალი ხვედრითი წილი. ეს განსაკუთრებით იაპონიაზე ითქმის.

ეკონომიკური მოდელის და განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ, საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყანაა შვეიცარია. მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებლით ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა 2018 წელს ხორცის მოხმარება კვების ფიზიოლოგიურ ნორმებთან შედარებით დაბალია (ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, თუმცა არსებობს სხვა წყაროებიც, სადაც განსხვავებული ინფორმაციაა). ეს ფაქტი ამ ქვეყანაში ჯანსაღი კვების მიმდევართა და ვეგეტარიანთა ზრდით შეიძლება აიხსნას. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ XX საუკუნის 70-იანი წლების შუახანებიდან, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე აქ 75 კგ-ზე მეტ ხორცს მოიხმარდნენ, ეს მაჩვენებელი პერმანენტულად იკლებს.

ჩვენ ვიეტნამი საგანგებოდ არ ამოვიღეთ ნუსხიდან, რადგან ეს ქვეყანა საინტერესოა დაბალი ეკონომიკური განვითარების ფონზე ხორცის მოხმარების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის გამო. 2018 წელს, საშუალო ვიეტნამელი იაპონელზე მეტ ხორცს მოიხმარდა და ეს მაშინ, როდესაც ვიეტნამის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით დაახლოებით 5.5-ჯერ ნაკლები იყო იაპონიის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ხორცის მოხმარების ოპტიმიზაციის თანამედროვე გამოწვევები

პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეკონომიკური განვითარებისა და ხორცის წარმოების საბაზისო პირობების მხრივ, საუკეთესო მდგომარეობა რუსეთსა და ყაზახეთს აქვს. რუსეთში ხორცის მოხმარება ახლოსაა კვების ფიზიოლოგიურ ნორმებთან, რასაც ვერ ვიტყვით ყაზახეთის შესახებ, რაც დომინირებული ისლამური კვების კულტურითაა გამოწვეული და ამიტომ აქ მინიმალურია ღორის ხორცის მოხმარება.

ცხრილი 2

ხორცის მოხმარების სტრუქტურა და გადახრა კვების ფიზიოლოგიური ნორმიდან

ქვეყნები ფრინველის ხორცი % ღორის ხორცი % საქონლის ხორცი% ცხვრის ხორცი% გადახრა (კგ)
აშშ 50.0 23.1 26.3 0.6 +26.3
არგენტინა 42.5 12.0 44.4 1.1 +16.9
ავსტრალია 47.8 23.7 20.4 8.1 +19.2
შვეიცარია 27.9 43.5 25.9 2.7 -13.7
ახალი ზელანდია 52.6 25.9 15.9 6.1 +1.9
ნორვეგია 30.9 36.3 24.6 8.2 -9.4
ისრაელი 74.6 - 23.6 1.8 +22
ბრაზილია 51.6 15.9 31.7 0.8 +4.2
ჩილი 48.9 25.5 25.1 0.5 +1.6
რუსეთი 50.0 31.2 16.6 2.2 -2.2
ყაზახეთი 31.6 10.3 40.7 17.3 -17.6
უკრაინა 54.2 32.1 12.9 0.8 -26.1
კანადა 49.1 23.3 26.1 1.5 =
პარაგვაი 12.9 52.6 33.3 1.2 -23.9
გაერთ. სამეფო 45.6 28.5 19.2 6.7 -4
მექსიკა 55.7 26.1 17.2 1.0 -13.3
თურქეთი 60.1 - 26.5 13.4 -32.9
ირანი 70.6 - 16.6 12.8 -32.4
იაპონია 41.5 39.8 18.2 0.5 -24.3
ჩინეთი 23.7 62.2 7.8 6.3 -16.1
ინდონეზია 69.1 9.1 18.2 3.6 -54
მალაიზია 88.2 9.8 - 2.0 -9.8
ვიეტნამი 25.5 56.5 17.7 0.3 -12.4
ნიგერია 17.6 21.6 25.5 35.3 -59.9
ინდოეთი 66.7 5.5 13.9 13.9 -61.4
ევროპის კავშირი 33.1 49.8 15.1 2.0 =
საქართველო 47.4 28.9 21.1 2.5 -27
მსოფლიო 40.9 35.4 18.4 5.3 -30.3

 ცხრილი შედგენილია: ცხრილი 1-ში მოტანილი მონაცემების საფუძველზე 

უკრაინა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარების მხრივ საკმაოდ პერსპექტიული ქვეყანაა, თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო აქ დაბალია ხორცის მოხმარების ინდიკატორი.

ცხრილი 2-ში 2018 წლის მონაცემების მიხედვით წარმოდგენილია ხორცის მოხმარების სტრუქტურა და გადახრა კვების ფიზიოლოგიური ნორმიდან, რაც ჩვენს მიერ იანგარიშება როგორც სხვაობა კვების ფიზიოლოგიური ნორმების ქვედა და ზედა ზღვარსა და ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ხორცის მოხმარების მაჩვენებელს შორის. მაგალითად, იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც მოხმარების მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე 65 კგ-ზე ნაკლებია, ცხრილის შესაბამის სვეტში წარმოდგენილი იქნება „-“ ნიშნით, ხოლო სადაც 73 კგ-ზე მაღალია, „+“ ნიშნით, ხოლო ნორმის დიაპაზონში, ანუ 65-73 კგ-ს შორის მაჩვენებლები, ჩვენს მიერ მიჩნეულია ნორმის ფარგლებში მყოფად და აღნიშნულია „=“ ნიშნით. როგორც ვხედავთ, ნორმის ფარგლებშია ევროკავშირის გასაშუალოებული და კანადის ინდიკატორები. მოსახლეობის ერთ სულზე ხორცის მოხმარების მაჩვენებელი გადაჭარბებულია ცხრილში წარმოდგენილ შვიდ ქვეყანაში, ხოლო ნორმაზე დაბალია თვრამეტში და ეს მაშინ, როდესაც შრომაში წარმოდგენილ ცხრილებში განხილულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მონაცემები. ცხადია, დანარჩენ მსოფლიოში შექმნილი ვითარება ხორცის მოხმარების მხრივ უფრო უარესი იქნება.

ხორცის მოხმარების სტრუქტურაში ჩვენს მიერ განხილულია ფრინველის, ღორის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის ხორცის მოხმარება, თუმცა ამ უკანასკნელში  შეიძლება ჩართული იყოს აგრეთვე თხის ხორციც. ასეა მაგალითად საქართველოს შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს სხვა სახის ხორცის მოხმარებასაც (მაგალითად, ჩინეთში, ამ ქვეყნის მეტად მრავალფეროვანი სამზარეულოს გათვალისწინებით), თუმცა, გლობალურად, რაოდენობრივი თვალსაზრისით ეს არ უნდა იყოს არსებითი, ამიტომ მისი აღრიცხვა, როგორც წესი, არ ხდება.

უკანასკნელ პერიოდამდე მსოფლიოში ხორცის მოხმარების სტრუქტურაში ღორის ხორცი დომინირებდა.  ჩინეთსა და ევროკავშირში დღესაც ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ღორის ხორცს უკავია, თუმცა ბოლო პერიოდში იგრძნობა ფრინველის ხორცის მოხმარების ზრდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ფრინველის ხორცი ყველაზე იაფი ჯდება, რადგან სხვა ხორცის წარმოებასთან შედარებით, რამდენიმეჯერ დაბალია საკვების ხარჯი. ამასთან, მეფრინველეობა, ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, სწრაფად მომწიფებად დარგად ითვლება. მაგალითად, „გამოჩეკიდან 50 დღის განმავლობაში ბროილერი წიწილისა და იხვის წონა იზრდება 40-ჯერ, მეკვერცხული წიწილისა 13.5-ჯერ, ინდაურისა  15.6-ჯერ. მაშინ როდესაც, ამ ასაკის გოჭის ცოცხალი წონა იზრდება 12.3-ჯერ, ხბოსი კი მხოლოდ 1.97-ჯერ.“[ჯაჭვაძე დ., 1976, 10 გვ. 6] ფრინველის ხორცის მოხმარების ზრდის სასარგებლოდ მოქმედებს ჯანსაღი კვების ის ტენდენცია, რასაც განვითარებულ ქვეყნებში აქვს ადგილი. ცნობილი ფაქტია, რომ ფრინველის ხორცში უხვადაა ადამიანისთვის საჭირო ცხოველური ცილები და სხვა ხორცის სახეობებთან შედარებით ნაკლებია ქოლესტერინის შემცველობა.

სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ხორცის მოხმარების კვების ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი დონის მიღწევას, რაც ჩვენს მიერ 65 კგ-ით არის განსაზღვრული. ამავე დროს აუცილებელია განისაზღვროს ხორცის მოხმარების სტრუქტურაც, რაც ძირითადად ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებს, დამკვიდრებულ კვების კულტურასა და ჯანსაღი კვების პრინციპებს უნდა დაეყრდნოს. 2018 წლისთვის საქართვლოში მოსახლეობის ერთ სულზე მოიხმარდნენ 38 კგ. ხორცსა და ხორცის პროდუქტებს, ხოლო სახეობების მიხედვით სტრუქტურულად ეს მოცულობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: 47.4% მოდიოდა ფრინველის ხორცზე, 28.9% ღორის ხორცზე, 21.1% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო2.5% კი ცხვრისა და თხის ხორცზე. ჩვენი აზრით, ეს პროპორციები, რაც საბაზრო ძალების ზემოქმედების შედეგადაც დადგინდა, მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს, თუმცა გარკვეული კორექტირება სასურველია. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე 27 კილოგრამით უნდა გაიზარდოს, მსგავსი ცვლილებების უმტკივნეულოდ განხორციელების შესაძლებლობა არსებობს.

ფრინველის ხორცის მოხმარება, ჩვენი აზრით, მინიმუმ 50% უნდა იყოს, რაც კვების ფიზიოლოგიური ნორმიდან გამომდინარე, აბსოლუტურ მაჩვენებელში 32.5 კგ-ის შესაბამისია. აუცილებლად უნდა მოხდეს მეფრინველეობის დარგის დივერსიფიცირება და განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ინდაურის ხორცის ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების ზრდას. არსებითად უნდა გაიზარდოს ცხვრისა და თხის ხორცის მოხმარება, ეს განსაკუთრებით ამ უკანასკნელს ეხება, რადგან თხა დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პირუტყვია. ამ კატეგორიას უნდა დაემატოს ბოცვრის ხორციც და მთლიანად ცხვრის, თხისა და ბოცვრის ხორცის მოხმარება არსებითად უნდა გაიზარდოს და ხორცის რაციონის მინიმუმ 6%, ანუ დაახლოებით 4 კგ. უნდა შეადგინოს. საქონლის ხორცის მოხმარების ზრდის დიდი რეზერვები საქართველოში არ არსებობს, ამიტომ ის საუკეთესო შემთხვევაში დაახლოებით20%-ის დონეზე დარჩება, რაც კვების ფიზიოლოგიური ნორმებიდან გამომდინარე 13 კგ.-ის შესაბამისია. დანარჩენი 15.5 კგ, ანუ დაახლოებით 24% ღორის ხორცზე გადანაწილდება, რაც ქართული კვების ტრადიციიდან გამომდინარე, ყოველთვის დარჩება ხორცის რაციონის მნიშვნელოვან მონაწილედ. 

დასკვნა

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ხორცის მოხმარების კვების ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი დონის მიღწევას (ჩვენი გაანგარიშებით - 65 კგ). ჩვენი აზრით, ის პროპორციები, რაც საბაზრო ძალების ზემოქმედების შედეგადაც დადგინდა სხვადასხვა სახის ხორცის მოხმარებაში, მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს, თუმცა გარკვეული კორექტირება შესაძლებელია. ავტორები საქართველოს საშუალო მოქალაქისთვის ხორცის მოხმარების ოპტიმალურ სტრუქტურას იძლევიან, რაც პროცენტულად შემდეგნაირად გამოისახება: მოხმარების 50% უნდა მოდიოდეს ფრინველის ხორცზე, 24% ღორის ხორცზე, 20% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო დანარჩენი 6% კი ცხვრის, თხისა და ბოცვრის ხორცზე.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ხორცის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე 27 კილოგრამით უნდა გაიზარდოს, რაც რეალობად აქცევს დასახელებული ცვლილებების უმტკივნეულოდ განხორციელების შესაძლებლობას.

აუცილებლად უნდა მოხდეს მეფრინველეობის დარგის დივერსიფიცირება და განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ინდაურის ხორცის ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების ზრდას. არსებითად უნდა გაიზარდოს ცხვრისა და თხის ხორცის მოხმარება.

ხორცის წარმოებაში, პერსპქეტივაში აუცილებლად უნდა მოხდეს კოოპერაციული ურთიერთობების დანერგვა, რის გარეშეც რთული იქნება საქართველოს მოსახლეობის თვითუზრუნველყოფა ამ პროდუქტის მიხედვით. კარგი იქნება, თუ კოოპერაციულ საწყისებზე მოხდება ამ დარგში ვერტიკალური და ჰორიზონტალური საწარმოო ურთიერთობების ფორმირება.[Koghuashvili P., Ramishvili B., Mamukelashvili D2019, 11].

 ნაშრომში წარმოდგენილი ხორცის მოხმარების  სტრუქტურის მნიშვნელოვანი საფუძველია ის, რომ მისი დაკმაყოფილება ადგილობრივი წარმოების ხარჯზე უნდა განხორციელდეს. უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ ხორცი ფასეულობატევად პროდუქტს წარმოადგენს და მისი წარმოების ადგილობრივად განვითარება გაზრდის ქართული მიწის პროდუქტიულობას, რენტას და შესაბამისად ფასს და მას, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვან აქტივს, ეკონომიკურ ბრუნვაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.[Koghuashvili P., Ramishvili B.2018, 12]. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.     The World Bank. GDP per capita, PPP (current international $) URL:https://data.worldbank.org/indicator/ NY.GDP.PCAP.PP.CD?view=chart

2.     https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019

3. Papava V. (2020). Coronomic Crisis: When the Economy is a Hostage to Medicine. Eurasia Review. Journal of Analysis and News, March 29, online at, https://www.eurasiareview.com/29032020- coronomic-crisis-when-the-economy-is-a- hostage-to-medicine-oped/.

4. Papava V., Charaia V. (2020). The Coronomic Crisis and Some Challenges for the Georgian Economy. Expert Opinion, No. 136, Tbilisi, GFSIS, online at, https://www.gfsis.org/files/library/opinion- papers/136-expert-opinion-eng.pdf.

5. Ritchie H. and Roser M., (2019) Meat and Dairy production. URL:https://ourworldindata.org/meat- production#which-countries-eat-the-most-meat

6. Meat consumption. OECD data. URL:https://data.oecd.org/agroutput/meat-consumption.htm

7. National Statistics Office of Georgia (Geostat). URL:https://www.geostat.ge/

8.The World Bank. GDP per capita, PPP (current international $) URL:https://data.worldbank.org/indicator/ NY.GDP.PCAP.PP.CD?view=chart

9. ჯაჭვაძე დ., (1976) მეფრინველეობა სამრეწველო საფუძვლებზე, თბილისი

10. Koguashvili P., RamishviliB., Mamukelashvili D., (2019) Cooperative domestic production relationships– the basis for agricultural cooperative viability „Economics and Business“ 1URL: http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2019-04-18

11Koghuashvili,P.andRamishviliB. (2016) The capacity of rural territories in Georgia „Annals of Agrarian Science“. pp 11-16.

12.  Koghuashvili P.andRamishviliB.(2018) Specific of agricultural land's price formation„Annals of Agrarian Science“ 16 pp 324-326